COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთიდან ჩამოსული ქართველები საჩხერეს სასტუმროში დააბინავეს

საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთში უკვე გაიარეს შემოწმება კორონავირუსზე და დაავადება არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინზე მოათავსეს, იუწყება პირველი არხი.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პარასკევს განაცხადა, ეს ადამიანები ჩინეთში იმყოფებოდნენ, ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ. მათ გაძვირებული ავიაბილეთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ. მთავრობამ კომპანია „ჰუალინგს“, რომელმაც ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, სთხოვა, წამოეყვანა ჩინეთიდან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურდათ. ხვთისიაშვილის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი რეისი და არა ევაკუაცია.

ჩინეთში გამოჯანმრთელებული პაციენტი მეორედ დაავადდა კორონავირუსით

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთში უკვე გაიარეს შემოწმება კორონავირუსზე და დაავადება არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ისინი მაინც გაივლიან საჩხერეში ორ კვირიან კარანტინს. 

სასტუმროს ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი.

ექიმ მაია ხელაძის თქმით, საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა >>

„პერიმეტრზე სტაციონარის განყოფილებაცაა და სამედიცინო დაწესებულებას საჭიროების შემთხვევაში მათი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები აქვს“, – განაცხადა ხელაძემ.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 288 შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა  53 284 ადამიანი, მათ შორის  11 477— მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 20 659 პაციენტი,  2345 კაცი გარდაიცვალა.