საქართველომ დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში ახალი ელჩები დანიშნა

ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სამ ევროპულ სახელმწიფოში სათავეში ჩაუდგებიან სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოფიო ქაცარავა ელჩად დანიშვნამდე 2016-2019 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, ასევე მეგობრობის ჯგუფს გაერთიანებულ სამეფოსთან და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულებას დიდ ბრიტანეთთან. 2016 წელს მიიღო დედოფალ ელიზაბეტ II-ის ჯილდო. 1998-2016 წლებში მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციაზე.

საგარეო უწყებამ ეკონომიკური ატაშეების შერჩევის პირველი ეტაპი დაასრულა

დავით დონდუა საბერძნეთში ელჩად დანიშვნამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2018 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიცია საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში: საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, ელჩი ავსტრიაში, ქვეყნის წარმომადგენელი ეუთოში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ლევან იზორია, გერმანიაში ელჩად დანიშვნამდე 2012-2015 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, 2016-2019 წლებში - თავდაცვის მინისტრი, 2019-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსი. აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.