პირველკლასელთა რეგისტრაცია: სამინისტრომ ვადები და ეტაპები განსაზღვრა

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო.

უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მოხდება. I ეტაპზე, მიმდინარე წლის ორი მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება - რეგისტრაცია მარტში იწყება

სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე  ბავშვი. 

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს.

რეგისტრაციის II ეტაპი 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. 

III ეტაპი — ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც  13 მაისს დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბოლო IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება, რა დროსაც გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე და მომავალი სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.