კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ არ აპირებს მიბაძოს მის მაგალითს, მას სხვა გეგმები აქვს.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ უბრალო მიზეზის გამო – რომ მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით", – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილის წინადადებას, რომელმაც ამ დღეებში ოფიციალურად განაცხადა, რომ ბრუნდება დიდ პოლიტიკაში და ამისკენ მოუწოდა კვირიკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიასაც.

„დემოკრატია გადასარჩენია“ - საქართველოს ექსპრეზიდენტი პოლიტიკაში ბრუნდება

„გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. მივიჩნევ, რომ ეს ადამიანი თავისი თვისებებით არის აქტივი საქართველოსთვის მთლიანად და არა მარტო პოლიტიკისთვის", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ის ასევე შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელსაც მხარს უჭერდა, როდესაც პრემიერის პოსტს იკავებდა.

„დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის", – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

გადაწყვეტილება მიღებულია – გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება>>

აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენისა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობარია. ეს უკანასკნელი კომპანია TBC Holding-ის მფლობელია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" შედის და რომელსაც უნდა აეშენებინა პირველი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში.

2020 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ კონსორციუმთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც სწორედ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მოეწერა ხელი.