თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასახელა ის სიახლეები, რომლებიც 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ელოდებათ, ნათქვამია ცენტრის ვებ-გვერდზე.
კერძოდ, ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში შევა. გასული წლების მსგავსად, ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.
ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
საქართველოს ისტორიის გამოცდაში გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. ამასთან, საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება – ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი (წერილობითი და ვიზუალური) და ისტორიული მოვლენის შეფასება, რა დროსაც აბიტურიენტებმა უნდა გამოავლინონ კრიტიკული აზროვნების უნარი, შეაფასონ ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში
აბიტურიენტებს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლებათ, თუ ისინი უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებენ ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში – 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება – კონკრეტულ პროგრამებზე ასწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სიახლეები უცხო ენების ტესტებში
2020 წელს უცხო ენების ტესტებში ორი სიახლეა. ტესტის მეორე დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა, ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
კიდევ ერთი სიახლე ეხება მეექვსე დავალებას, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს. აღნიშნულ ტესტში აბიტურიენტებმა 10-ის ნაცვლად 12 კითხვას უნდა უპასუხონ. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80, გამოცდისათვის გამოყოფილი დრო კი 2,5 საათი.
როდის იწყება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია საქართველოში მარტის პირველ ნახევარში დაიწყება, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
რეგისტრაციის წესებისა და ინსტრუქციის დეტალურად გაცნობის მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე ღია კარის დღე ჩატარდება.
თბილისთან ერთად, საინფორმაციო ხასიათის ანალოგიური შეხვედრები გაიმართება რეგიონებშიც. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და ბოლნისში. მალე აბიტურიენტებისთვის მსგავსი შეხვედრები გაიმართება ქვეყნის სხვა ქალაქებში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან არასავალდებულო გახდა, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.