თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება და რამდენიმე კვირა გაგრძელდება, იუწყება Новости-Грузия გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
დღეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო და კითხვებს უპასუხა.
სტუდენტებმა ადგილზე გაიარეს მოდელირებული რეგისტრაცია, რომლის დახმარებითაც ისინი დეტალურად გაეცნენ რეგისტრაციის წესებსა და ინსტრუქციას. ამიერიდან ღია კარის დღეები გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე ჩატარდება.
თბილისის გარდა, ანალოგიური შეხვედრები გაიმართება რეგიონებშიც. შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და ბოლნისში. მალე აბიტურიენტები გამოცდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაეცნობიან.
უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი - ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნება ან კიდევ სამოქალაქო განათლება.
2020 წელს გაუქმდა უნარ-ჩვევების სავალდებულო გამოცდა, რომელსაც აბიტურიენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.