საზარელი მკვლელობა სამტრედიაში - ცნობილი ხდება ახალი დეტალები

გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი შეთანხმებული იყო, რომ განქორწინების საბუთებზე ხელმოწერა „სკაიპის“ საშუალებით მოხდებოდა
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში 28 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამტრედიაში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა

შემთხვევა სამტრედიაში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  მეუღლეები უკვე ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობდნენ. დღეს კი სამოქალაქო რეესტრში განქორწინება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინათ, როდესაც ქმარმა მოულოდნელად მეუღლეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად 26 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ქალის მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით,   შვილი იუსტიციის სახლში მიიყვანა და ვიდრე თავადაც შევიდოდა,  ყოფილი სიძე ქალს თავს დაესხა.

გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი შეთანხმებული იყო, რომ განქორწინების საბუთებზე ხელმოწერა „სკაიპის“ საშუალებით მოხდებოდა.

„განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე, რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვნენ", - განაცხადა მოკლული ქალის მამამ.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი - რვა და ექვსი წლის გოგონები დარჩა.

მამაკაცი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.