საზარელი მკვლელობა ქვემო ქართლში: პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

ყარაჯალარში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიციამ დაადგინა ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელიც თავიდან გაძარცვეს, მოკლეს, შემდეგ კი ავტომობილში დაწვეს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ სოფელ ყარაჯალარში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევმა 23 წლის ბრალდებულმა 64 წლის ტაქსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.