თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გზების რემონტის გამო ქუთაისის ცენტრში 18-19 თებერვალს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„ქუთაისში, 18 და 19 თებერვალს, ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელი 2,7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან კ. გამსახურდიას ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უფრო ადრე განაცხადა, რო 2020-2021 წლებში, მთავრობის განკარგულებით, დაიწყებს ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის რამდენიმე ქუჩის აღდგენას.
აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში განახლდება ასფალტის საფარი, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
ქუთაისში 2019 წელს რამდენიმე - გუგუნავას, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძისა და ჯავახიშვილის ქუჩის რემონტი დასრულდა. 2020 წელს გაგრძელდება აღმაშენებლის, წერეთლის, საიათნოვასა და თავისუფლების ქუჩების რემონტი.