თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პირადმა შემადგენლობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მობილური ჯგუფი პირადი შემადგენლობის დისლოკაციის ადგილზე მივიდა.
აღსანიშნავია, რომ გვარდიელები სისხლის ჩაბარების აქციებში პერიოდულად მონაწილეობენ.
ყოველწლიურად საქართველოში სისხლის გადასხმა 20 ათასამდე ადამიანს ესაჭიროება. ქვეყანაში პერიოდულად სისხლის უსასყიდლო ჩაბარების კამპანიები ტარდება. ზოგიერთი საჯარო და კერძო კომპანიების თანამშრომლები სისტემატურად ხდებიან დონორები.
2011 წლიდან ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „უსაფრთხო სისხლი“. 2019 წლის მონაცემებით, ამ პროგრამაში 13 სისხლის ბანკი მონაწილეობს.
ეროვნული გვარდია პირველი ოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლის შემდეგ, 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. მის საფუძველზე ყალიბდებოდა და ვითარდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალები.