ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ერთი პირი დააკავა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხოელი დააკავეს

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა 22 წლის ახალგაზრდის პირადი ჩხრეკისას ერთი ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება LSD და სამი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 553 აბი ნარკოტიკული საშუალება MDMA, 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება LSD, 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე" და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება MDMA ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, მესამე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.