თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის სხვენში გაჩნდა.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.
საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის („ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით“) მეორე ნაწილით დაიწყო.