წყალტუბოში ვანისჭალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს” დაფინანსებით განხორციელდა
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისჭალაში  ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის  რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკორწმინდის რესტავრაციას არქიტექტურული პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცა

სააგენტოს ცნობით, ტაძარი იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, დაზიანებული იყო კონქი და კამარა, სახურავი სრულად იყო ჩამოშლილი, ხოლო კედლების დიდი ნაწილი დაბზარული და თითქმის ჩამოშლილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. კერძოდ, აღდგა და გადაეწყო დაზიანებული კედლები, პილასტრები.  თლილი ქვით აღდგა კონქი და კამარა. იატაკი დაეგო ქვიშაქვის თლილი ფილებით. მოეწყო ხის კარ-სარკმელები. ამბიონი და სოლეა მოეწყო ქვიშაქვის თლილი ბლოკებით.  ტაძარი გადაიხურა თუნუქით.

ვანისჭალის ღვთისმშობლის სახელობის  ეკლესია დარბაზულია. აგებულია XIX ს-ში. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს” დაფინანსებით განხორციელდა.