იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ტყიბულში 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია. ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, პოლიციამ  კალაშნიკოვის სისტემის АКСУ-ს მოდელის ავტომატი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.