გუდაურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე

გუდაურში სროლის შედეგად 26 წლის დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფატქზე 39 წლის სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შემთხვევა გუდაურში დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება რამდენიმე ადგილობრივსა და კურორტზე თბილისიდან სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდას შორის, ერთ-ერთ ბარში დაიწყო. ურთიერთშელაპარაკების შედეგად 28 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. გარდაცვლილი მამაკაცი ბარში სეზონურად იყო დასაქმებული.

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

რაც შეეხება დაჭრილს, 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამჟამად  რეანიმაციაში რჩება.

„პაციენტი გადმოყვანილია გუდაურიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობები, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამჟამად პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა). დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.