თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. ჩინეთში კორონავირუსის COVID-2019 სიმპტომების დამალვა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოიწვევს, იუწყება Deutsche Welle.
სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება მგზავრობის და მოგზაურობის ისტორიის დამალვაც. კორონავირუსით დაავადებულ მოქალაქეებს და იმათ, ვინც დაავადებას შეგნებულად გაავრცელებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულებენ. მათ 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
საკუთარი სიმპტომების დამალვის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამახინჯებისა და მოგზაურობის ისტორიის დამალვისთვის.
ჩინეთის ტერიტორიაზე ყველა ინფიცირებულ მოქალაქეს აეკრძალა ავტობუსით, მატარებლით და თვითმფრინავით გადაადგილება. ის, ვინც ეპიდემიის კერის ტერიტორიიდან დაბრუნდა, ვალდებულია საავადმყოფოში ან სახლში ორკვირიან კარანტინზე დარჩეს. კარანტინზე უარის თქმაც ასევე დასჯადი გახდა.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 68,5 ათასს მიაღწია, აქედან 1665 გარდაიცვალა, 9419 განიკურნა და გაეწერა კლინიკებიდან.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019.
რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.