ისანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 39 წლის დაკავებულს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ისანში დღეს მომხდარი დაჭრის ფაქტზე 39 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ისანში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა

მეზობლებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა. ცივი იარაღით 37 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი დღეს ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ გ.დ.-ს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.