თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, მამაკაცი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ქალი. მამაკაცი კი, რომელიც მანქანას მართავდა, დაზიანებებით გორის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა ორი ბავშვი, რომლებიც გადაყვანილები არიან სამედიცინო ცენტრ „გორმედში“.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.