ყვითელი ამბები

„გილოცავ მამაჩემო...“ – ნუგზარ შარია „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია მამის, ამერიკაში მოღვაწე რეჟისორის ნუგზარ შარიას უდიდეს წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა, წერს სოციალურ ქსელში რეჟისორის შვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია.

„5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, თავჯდომარედ, ნუგზარ შარია იქნა არჩეული. ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო“, – წერს ზურაბ შარია.

პირველად 15 წლის განმავლობაში: ლეონარდო დი კაპრიო „ოსკარზე“ რჩეულთან ერთად მივიდა

ნუგზარ შარია 1970 წელს ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე „ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.

ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ''კავკასიის ხალხების გაერთიანების'' საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს. „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ – ფილმებში, რომლებშიც მან ითამაშა, თავისი ნიშანი დატოვა. ყველა მისი გმირი პრინციპული ხასიათით გამოირჩევა.