თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2020 წელს დაახლოებით 870 სკოლა და საბავშვო ბაღი შეამოწმეს. დარღვევები აქედან 24 დაწესებულებაში აღმოჩნდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ. შემოწმება მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
კერძოდ, წლის დასაწყისიდან უკვე 800-ჯერ შემოწმდა საბავშვო ბაღები და 70-ჯერ – სკოლები.
გამოვლენილი დარღვევები კრიტიკული არ არის. სააგენტოს ინსპექტორებმა შესაბამის პირებს საჭირო რეკომენდაციები მისცეს და ასევე დრო – დარღვევების გამოსასწორებლად.
სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ამ მხრივ მუშაობა მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაძლიერდება.
"აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია", – განაცხადა ბასილაძემ.
შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, დეზინფექციას, სამზარეულო ტექნიკის მდგომარეობას, კვების პროდუქტების დამუშავებისა და შენახვის პირობებს და ა.შ.
რას ვჭამთ: საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანის მცდელობა აღკვეთეს>>
კონტროლის გამკაცრების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ საბავშვო ბაღს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით ამარაგებდნენ.