დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი– Sputnik.  სამართალდამცველებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში შუახნის  ქალის მკვლელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.  

შუახნის ქალის ცხედარი მეზობლებმა პარასკევს, დილით აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საღამოს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ამავე სოფლის მკვიდრს - 1963 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალა. დაშავებული ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.