უამინდობა აჭარაში: მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა

ტელეკომპანიის ცნობით, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს სამივე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის თითქმის სრულად აღდგენა.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ელექტრომომარაგება პრაქტიკულად აღდგენილია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარაში უხვი თოვლის გამო პრობლემები შეიქმნა. ხულოსა და შუახევის რაიონების დიდი ნაწილი უშუქოდ იყო დარჩენილი.

ტელეკომპანიის ცნობით, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს სამივე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის თითქმის სრულად აღდგენა.

თოვლმა საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალზე პრობლემები შექმნა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  მცირე შეზღუდვებია ხულოში. დანისპარაულისა და რიყეთის აბონენტების ნაწილს დენი შეფერხებით მიეწოდება. კომპანიის ცნობით, შუახევში ამ დროისთვის დარჩენილია ჭვანის ხეობის ნაწილი. ქედაში კი დოლოგნის, დანდალოსა და აგარას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

ინტენსიური თოვის გამო თოვლის საფარმა აჭარაში თითქმის 1 მეტრს, ხოლო მაღალმთიანეთში – 1,5 მეტრს მიაღწია. გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება ჭირს. გრძელდება გზების თოვლისგან გაწმენდა.

უამინდობის გამო მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი აჭარაში 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდება.