რას ვჭამთ: ქართული თაფლის ნიმუშებში უცხო მინარევები აღმოჩნდა

ლატვიის ცხოველთა ჯანმრთელობის და გარემოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაგზავნილი ქართული თაფლის ასი ნიმუშიდან ცხრაში უცხო ნივთიერებები აღმოჩნდა
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ქართული თაფლის კვლევის შედეგებს - ზოგიერთ ნიმუშში უცხო მინარევები აღმოჩნდა, იუწყება უწყების პრესსამსახური.

სააგენტოს სპეციალისტებმა 2019 წელს თაფლის ასამდე ნიმუში აიღეს და ლატვიის ცხოველთა ჯანმრთელობის და გარემოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

თავდაცვის სამინისტრო ჯარში სურსათზე მკაცრ კონტროლს აწესებს >>

ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ცხრა ნიმუშში აღმოჩენილია ანტიბიოტიკები - ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 100 ნიმუშიდან დარღვევა 54-ში აღინიშნა.

ყველაზე მეტი დარღვევა აღმოჩენილია აჭარაში (3 შემთხვევა) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (2 შემთხვევა).

კვლევის მთავარი მიზანია თაფლის შემოწმება ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების შემცველობაზე.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს თაფლის მწარმოებლებს, მათ ინფრასტრუქტურას და მათი პროდუქციის ნიმუშებს იღებს.

გერმანული ლაბორატორიის დასკვნის მოლოდინში: „მარნეულის“ ტყემალი შესამოწმებლად გაიგზავნა

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2019 წელს წინა წლებთან შედარებით შეინიშნება დადებითი ტენდენცია, რაც სპეციალისტების მეფუტკრეებთან უწყვეტი კომუნიკაციის შედეგია. მათ არაერთი ტრენინგი გაიარეს, რომელიც პრეპარატების სწორ გამოყენებას მიეძღვნა. მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და საერთოდ აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი.

ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა.

2015 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კონტროლის სისტემა და თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.