ქუთაისში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა – ქალაქში გაზთან დაკავშირებული პრობლემებია

კომპანია SOCAR Georgia Gas პირობას დებს, რომ ქსელში დიდი ავარიის შემდეგ მთელი ქალაქისთვის ბუნებრივი აირის ეტაპობრივ მიწოდებას დღეს, საღამოს დაასრულებს.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ცენტრალურ გაზგამანაწილებელ ქსელში ავარიის გამო ქალაქში ბუნებრივ აირთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქუთაისი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

ავარიის გამო გაზის გარეშე დარჩა აბონენტების 60%, მათ შორის – სკოლები და საბავშვო ბაღები.

ქალაქის განათლების რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სწავლის შეწყვეტის შესახებ მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა და ის, სავარაუდოდ, 14 თებერვალს განახლდება.

გაზგამანაწილებელი კომპანია SOCAR Georgia Gas ავარიის ლიკვიდაციას დაუყოვნებლივ შეუდგა. პირველ რიგში გაზის მიწოდება აღუდგა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტებს. მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ გაზის აღდგენა ქალაქისთვის დღეს, საღამოს დასრულდება.