ქართველი მოჭიდავეები კვლავ ევროპის ჩემპიონატის საპატიო კვარცხლბეკზე არიან

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ჯილდო – ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რომში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვეს.

იური ლომაძეს (-72) კარგი შანსი ჰქონდა კონტინენტის პირველობაზე ოქროს აღების, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინალში გერმანელ ფრანკ შტაბლერთან წააგო – გერმანელმა სპორტსმენმა დამაჯერებლად გაიმარჯვა - 6:2.

კიდევ ერთი მედალი – ბრინჯაო ამირან შავაძემ მიიღო. ის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სადაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელს ჯამბოლატ ლოკიაევს მოუგო. შეხვედრა ანგარიშით 6:6 დასრულდა, მაგრამ გამარჯვება შავაძეს ერგო ბოლო ქულის აღების წესის თანახმად.

ამგვარად, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რომში ოთხი მედალი მოიგეს – ორი ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოსი. მანამდე ვიცე-ჩემპიონი გახდა ლევან არაბული (-130), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – ნუგზარ წურწუმია (-55).

ოქროს მედლების არარსებობამ ქართულ ნაკრებს საშუალება არ მისცა, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში კარგი შედეგი ეჩვენებინა. ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა. აქ გაიმარჯვა აზერბაიჯანის ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქრო და ოთხი ბრინჯაო მოიგო.