განათლების მინისტრის მოადგილე: „მასწავლებლების ნაწილს თავისი ცოდნის გამოყენება არ შეუძლია"

განათლების სამინისტროში სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რატომ არ იძლევა საჭირო შედეგებს პედაგოგების გადამზადება და საკვალიფიკაციო გამოცდები.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მასწავლებლების ნაწილს, რომლებიც გადამზადდნენ, არა აქვთ ცოდნის მოსწავლეებისთვის გადაცემის უნარი, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ.

მასწავლებლების გადამზადების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2018 წლის შემდეგ დადგა, როდესაც მაპროფილებელ საგანში გამოცდა წარმატებით პედაგოგების მხოლოდ 20%-მა ჩააბარა. გამოცდაზე გასული 17 ათასზე მეტი პედაგოგიდან კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 3,4 ათასმა გადალახა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

დგებუაძის განცხადებით, მასწავლებლების გადამზადება უკვე ბევრი წელია მიმდინარეობს, თუმცა აქედან ნაწილს მაინც არ შესწევს უნარი, თავისი ცოდნა კლასის ყურამდე მიიტანოს.

„ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა... შეიძლება იმეცადინა, ისწავლა, მაგრამ გაკვეთილზე როგორ განახორციელოს ის მიღებული ცოდნა, გადასცეს, დაგეგმოს, უკვე პრაქტიკაში გადაიტანოს, აღმოჩნდა, რომ ეს უნარი მასწავლებლებს არ აქვთ", – განაცხადა დგებუაძემ.

საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული>>

მასწავლებლები პროფესიული კომპეტენციის გამოცდას აბარებენ. ეს გამოცდა პედაგოგებს უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად და უფრო მაღალი ხელფასის მისაღებად ესაჭიროებათ. საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე – უფროსი მასწავლებლები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორები. წელს თავისი სტატუსი დაახლოებით 8,4 ათასმა მასწავლებელმა აიმაღლა, აქედან 5,7 ათასმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

საჯარო სკოლების 30 ათასამდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმის მთავარი მიზანია შეიქმნას ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება თანამედროვე სამყაროში აუცილებელი ცოდნისა და უნარების მიღებაში. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის, მოტივირებული, ძლიერი პედაგოგები, რომლებსაც ღირსეული ხელფასი ექნებათ, მიიჩნევენ განათლების სამინისტროში.

2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

პრესტიჟი და კარგი ხელფასი – განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას ნერგავს>>

ამჟამად უფროსი პედაგოგები ყოველთვიურად 1011 ლარს იღებენ, წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს, მენტორები – 1745 ლარს. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია.