ქართული კინოცენტრი ახალ პროექტს – ონლაინ-პლატფორმას აამოქმედებს

ამ პროგრამის მეშვეობით კინომანებისთვის შესაძლებელი იქნება თანამედროვე კინემატოგრაფიის სპეციფიკის დეტალურად გაცნობა.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. კინოს წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღებას მალე ყველა მსურველი შეძლებს – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ახალ კინემატოგრაფიულ ონლაინ-პლატფორმას ქმნის, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინოპლატფორმა რამდენიმე აპლიკაციას მოიცავს. ის მომხმარებელს გააცნობს კინემატოგრაფიის სპეციფიკას – კადრის დადგმა, მონტაჟი, ხმის რეჟისურა და გამოსახულების შექმნა. მომხმარებელი ასევე შეძლებს სპეციალური კინემატოგრაფიული ტერმინების ლექსიკონის გამოყენებას.

რას სთხოვს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე მოწინააღმდეგეებს

საქართველოს გარდა ევროკავშირის პროექტში The film corner („კინოს კუთხე") ჩართული არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია.

აპლიკაციებისადმი წვდომა პირველ ეტაპზე ექნებათ კინოცენტრის პროექტის „კინო სკოლაში" მონაწილეებს, რომელიც მიმართულია მოზარდებში კინოს შესახებ ცოდნის დონის ამაღლებისკენ. პროექტი საგანმანათლებლო ხასიათისაა და ფუნქციონირებს 2014 წლიდან.

ამ დროის განმავლობაში ორგანიზატორებმა გამართეს 12 ათასზე მეტი კინოჩვენება და დისკუსია, ხოლო კინოსკოლებმა გადაიღეს 40-ზე მეტი ფილმი და შექმნეს 900-ზე მეტი კინოაფიშა. პროგრამაში სულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 900-მდე სკოლა მონაწილეობდა. პროექტი „კინო სკოლაში" 2019 წელს პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის" მხარდაჭერით ჩატარდა.

ონლაინ-პლატფორმის პრეზენტაცია მრავალფუნქციურ სივრცე „ტერმინალში" (აბაშიძის 34) 21 თებერვალს გაიმართება.