მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

მაღალმთიან აჭარაში თოვა არ წყდება – ზოგიერთ ადგილზე თოვლის საფარმა 150 სანტიმეტრს მიაღწია. სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სწავლის შეწყვეტის მიზეზი უამინდობაა, რომლის გამოც მაღალმთიანი აჭარის ბევრი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მაღალმთიანი აჭარის ექვს საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

რეგიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ სწავლა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ამინდის გამოსვლის შემდეგ აღდგება. გაცდენილი გაკვეთილები შაბათობით ანაზღაურდება.

ინტენსიური თოვის გამო თოვლის საფარმა აჭარაში თითქმის 1 მეტრს, ხოლო მაღალმთიანეთში – 1,5 მეტრს მიაღწია. გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება ჭირს.

თოვლმა პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგებაშიც. ხულოსა და შუახევის რაიონების დიდი ნაწილი უშუქოდ დარჩა. Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მთელი დატვირთვით მიმდინარეობს. გრძელდება გზების თოვლისგან გაწმენდა.

დიდთოვლობა აჭარაში: რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა>>

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი აჭარაში 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდება.