მსოფლიო დღეს

იდუმალი კეთილისმყოფელი: უცნობმა მამაკაცმა მაღაზიის მოვალეებს ნისიები გადაუხადა

იდუმალი მამაკაცი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შენიშნეს. ის მაღაზიებში დადიოდა და, გარდა იმისა, რომ გაჭირვებული ხალხის ვალებს იხდიდა, ასევე ფულს ურიგებდა ბავშვებსა და უპოვრებს ქუჩაში.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. იდუმალმა კეთილისმყოფელმა პროდუქტების მაღაზიაში რაიონის ყველა მოვალის ნისია გაისტუმრა, იუწყება ტელეარხი NTV. 

ფარული სიკეთე: ანონიმები 6 წლის განმავლობაში ტოვებდნენ მსხვილ თანხებს სოფლის ქუჩებში

შემთხვევა თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მოხდა, სადაც მოსახლეობა პატარა მაღაზიებში ხშირად ყიდულობს საკვებს ნისიად.

„ამ დღეებში მაღაზიაში მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი შემოვიდა და მითხრა, ყველას ვალის გასტუმრება მინდა, ვინც ნისიების რვეულში გიწერიაო. ვალების გასტუმრების შემდეგ, რამაც ჯამში 12,5 ათასი ლირა (2 ათას აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა, სტუმარმა რვეულიდან ვალის ფურცლები ამოგლიჯა, დაწვა და წავიდა“, — განუცხადა ტელეარხს მაღაზიის მეპატრონემ. 

მისი თქმით, მოვალეების დიდმა ნაწილმა თავიდან არც კი დაიჯერა, რომ მათი დიდი ხნის ნაგროვები ვალები გადახდილი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, იდუმალი მამაკაცი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შენიშნეს თურქეთის სხვა პროვინციებში. ის ადგილობრივ მაღაზიებში დადიოდა და, გარდა იმისა, რომ გაჭირვებული ხალხის ვალებს იხდიდა, ასევე ფულს ურიგებდა ბავშვებსა და უპოვრებს ქუჩაში. ამასთან, ის არავის ეუბნებოდა სახელს და ამიტომ მადლიერმა ხალხმა მას რობინ ჰუდი შეარქვა.