ვითარება გზებზე: ბოლო ცნობები

მეტეოროლოგიური პირობების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შეზღუდვები მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-52 კმ მონაკვეთზე.

ამავე საავტომობილო გზის 52-62 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როდის დათბება საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

თოვის გამო შეზღუდვები დაწესდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები შორაპანი–ზესტაფონისა (174-192 კმ) და ჩუმათელეთი–ხუნევის (138-158 კმ) მონაკვეთებზე ოთხშაბათს დაწესდა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ოთხშაბათს თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის გზის 1-28 კილომეტრზე.

თოვისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური–ბახმაროს საავტომობილო გზის 26-33 კმ მონაკვეთზე ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ალპანა–ცაგერის გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახეობის ტრანსპორტის მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა ნებადართული.

ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის გზის 1-49 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.