თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შესთავაზა ევროპარლამენტს გამოეგზავნა მისია, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის, წერს თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე Twitter-ის მიკრობლოგში.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროში მეორე ვადით მიდის >>
საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის განაჩენის გამკაცრებამ ევროპარლამენტარების მხრიდან აქტიური კრიტიკა გამოიწვია.
„ევროპარლამენტის ძირითადი პარტიების დეპუტატების ინფორმირებასთან ერთად გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ევროპარლამენტარებს დამატებით შევთავაზეთ, საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია, რათა გულდასმით შეისწავლონ/შეაფასონ ამ სისხლის სამართლებრივი საქმის არსი და პროცედურული მხარე, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად",- წერს კალაძე.
კალაძე მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.
„ამ საქმესთან დაკავშირებით კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. მათ შევთავაზეთ. რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, მისია ევროპულ პარლამენტში, რომელიც ჩამოვა საქართველოში, ეს უნდა იყოს შემდგარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. ბუნებრივია, უზრუნველყოფილი იქნება ხელმისაწვდომობა ყველა შესაბამის მასალაზე, დოკუმენტზე, რათა ნათელი მოეფინოს ამ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მათ ევროპარლამენტარებისგან დადებითი პასუხი უკვე მიიღეს და მისია უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა.
მანამდე საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნა გამოთქვა ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წარმომადგენელმა კატი პირიმ.
„ძალიან მაინტერესებს საქმის დეტალები, რათა გავიგო, რატომ დასჭირდა ამ საქმეს შვიდი წელი და რატომ გამოცხადდა განაჩენი არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე“, - განაცხადა კატი პირიმ.
გიგი უგულავა იყო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი და 2005 წლიდან თბილისის მერი, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 22 დეკემბერს, სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით დაემატა ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდება, და საერთო ჯამში უგულავამ საპატიმროში 2 წელი და 7 თვე გაატარა. 2017 წლის დასაწყისში უგულავა გათავისუფლდა და შეუერთდა „ევროპულ საქართველოს". ბოლო დრომდე პარტიაში ის ლიდერის როლს ასრულებდა.