შინაგან საქმეთა მინისტრი: მოზარდებს ვიდეოკამერების წინ გამოკითხავენ

გომელაურის განცხადებით, შეიქმნება სახელმძღვანელო გამომძიებლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ არასრულწლოვნებთან გამოძიების პროცესში – საუბარია როგორც მოწმეებზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვნებზე.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. არასრულწლოვნების მიმართულებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში აპრილიდან ცალკე სამმართველო ამოქმედდება, სადაც მოზარდებს ვიდეოკამერებით აღჭურვილ სპეციალურ ოთახში გამოკითხავენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „SVOT ანალიზში".

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ ჩოლოიანს ბრალი წარედგინა

მისი სიტყვებით, შსს-ში მრავალი ახალი, მათ შორის, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროექტი ხორციელდება.

თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის დაღუპვის შემდეგ. ლუკა 17 დეკემბერს გარდაიცვალა რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის დროს მიღებული ტრავმების შედეგად. ძირითადი ვერსიაა თვითმკვლელობა.

ამ საქმეზე დაკავებულია პოლიციის უფროსი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. მას ბრალად ედება სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულება, რაც უკავშირდება მოზარდის ყოფილ სკოლაში ღამით შესვლას და კედლებზე სხვადასხვა წარწერის გაკეთებას. ოპოზიციამ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. მათი თქმით, საჭიროა მართლმსაჯულების მთელი სისტემის შეცვლა.

„ჩვენ დაანონსებული გვაქვს ახალი სამმართველოს შექმნა. ამ მიზნით ქალაქის სამმართველოში ფლიგელი რემონტდება და გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. ვფიქრობთ, 1 აპრილიდან ამოქმედდება სპეციალიზებული ოთახი, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთდა. კამერით იქნება აღჭურვილი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეიქმნას. პირებს ეცნობებათ, რომ ოთახი კამერითაა აღჭურვილი და გადაღება ხდება", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი სიტყვებით, დაკითხვის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ის ოპერატიული თანამშრომლები, გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ მოზარდებზე იმუშავებენ, ასევე ფსიქოლოგებიც.

საქართველოში არასრულწლოვან ეჭვმიტანილებთან ახლებურად იმუშავებენ

„თუ მშობელი მოითხოვს, გააჩნია მოზარდის ასაკს, დაკითხვის, გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც დაესწრებიან. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", – აღნიშნა გომელაურმა.

ადრე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შსს-ში 1 აპრილიდან ახალი უწყება – არასრულწლოვანთა სამმართველო ამუშავდება, რომელიც თბილისის მასშტაბით იმუშავებს. შესაბამისი შეთანხმება უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის დროს იქნა მიღწეული, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართა.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდის კონკრეტულ გეგმას, განათლების სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად შექმნის ფსიქოლოგების ბაზას, ხოლო იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს კანონპროექტს ადვოკატების სავალდებულო დასწრების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარია არასრულწლოვნის, როგორც მოწმის გამოკითხვაზე.

ასევე შეიქმნება სახელმძღვანელო გამომძიებლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ არასრულწლოვნებთან გამოძიების პროცესში.