ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ავტოტრანსპრტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო 7 თებერვლიდან შეიზღუდა – ასობით ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის გახსნას დაბა ჟინვალში ელოდებოდა.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დიდთოვლობა აჭარაში: რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა

ამ დროისთვის რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო 7 თებერვლიდან შეიზღუდა – ასობით ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის გახსნას დაბა ჟინვალში ელოდებოდა.

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.