მსოფლიო დღეს

„თეთრსამოსიანი ანგელოზები“ – უჰანში 20 ათასი მედიკოსი ჩავიდა

ადგილობრივი ექიმები ვეღარ უმკლავდებოდნენ პაციენტების დიდ ნაკადს და იძულებული იყვნენ გამოსასვლელი დღეების გარეშე ემუშავათ მინიმუმ 12 საათი ერთ ცვლაში.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ჰუბეის პროვინციაში 20 ათასზე მეტი მედიკოსი ჩავიდა მთელი ჩინეთიდან კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიასთან საბრძოლველად, იუწყება ჩინეთის სახელმწიფო საბჭო.

„ამ მომენტისთვის მთელი ჩინეთიდან 20 ათასზე მეტი მედიკოსია გაგზავნილი უჰანსა და ჰუბეის პროვინციის ბევრ სხვა ქალაქში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, – ნათქვამია სახელმწიფო საბჭოს საიტზე. 
მხოლოდ ჩინელებისთვის: შეიქმნა მობილური დანართი კორონავირუსის რისკის შესამოწმებლად

ქალაქ უჰანსა და ჰუბეის პროვინციაში ქვეყნის სხვა რეგიონებიდან იგზავნება როგორც მატერიალური დახმარება, მათ შორის ნიღბები და ტანსაცმელი, ისე სპეციალისტები, ვინაიდან ადგილობრივი ექიმები ვეღარ უმკლავდებოდნენ პაციენტების დიდ ნაკადს და იძულებული იყვნენ, გამოსასვლელი დღეების გარეშე ემუშავათ მინიმუმ 12 საათი ერთ ცვლაში. მარტო ერთ დღეში, 9 თებერვალს უჰანში 6 ათასი მედიკოსი ჩავიდა, რისთვისაც 41 ავიარეისი შესრულდა.

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მედიკოსებს ეკისრებათ, ქვეყანაში მათ „თეთრსამოსიანი ანგელოზები“ და ასევე „თეთრხალათიანი მებრძოლები“ შეარქვეს.

ამ დროისათვის მარტო ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით 1016 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ორი — უცხოელი. საავადმყოფოდან გაეწერა 4 ათასი პაციენტი, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 42 638 შეადგინა. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 187 700 კაცს, რომლებსაც ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.