უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო ცნობები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იყო აკრძალული
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დონე დაბალია და რეკომენდებულია საავტომობილო მოძრაობის აღდგენა. დღეს დილით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

კერძოდ, თოვლის და ლიპყინულის გამო, გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, ქარბუქისა  და დაბალი ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზეც (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-104-ე კმ. მონაკვეთი). გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე თავისუფალია მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) გზებზე.