თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ATP-ს რეიტინგით 28-ე ნომერი) როტერდამში ATP 500-ის სერიის ტურნირის (ABN AMRO World Tennis Tournament) პირველ წრეში რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან წააგო.
მატჩის განმავლობაში ბასილაშვილმა მეტოქის ვერცერთი ჩაწოდება ვერ აიღო, ხოლო თავის მეორე ჩაწოდებებზე ბურთების მხოლოდ 32% მოიგო. შედეგად ქართველმა სპორტსმენმა ორ სეტში წააგო - 6:2, 6:3. რუს სპორტსმენს მოსაგებად ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.
ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილი რუბლიოვის მომდევნო მეტოქე ყაზახეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ბუბლიკი გახდება.
რაც შეეხება ბასილაშვილს, როტერდამის შარშანდელ ტურნირზე მან პირველი წრე გაიარა და, შესაბამისად, მას ჩოგბურთელთა რეიტინგში ქულები დააკლდება.
ABN AMRO World Tennis Tournament 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 2 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი გაელ მონფისი.