თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ასტრონომებმა პირველად ჩაწერეს რეგულარულად განმეორებადი სწრაფი რადიოტალღები, რომლებიც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა და რომლებიც ყოველ მეთექვსმეტე დღეს მეორდება, იუწყება Science Alert-ი.
სწრაფი რადიოტალღები (Fast radio burst, FRB) იდუმალი ფენომენია, რომელიც ასტრონომებს უკვე ათ წელზე მეტია, მოსვენებას არ აძლევს. საუბარია უცნობი ბუნების მძლავრ რადიოსიგნალებზე, რომლებიც გრძელდება არაუმეტეს რამდენიმე მილიწამისა. თითოეული ტალღის სიმძლავრე შედარებულია ენერგიასთან, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს მზე. სიგნალის წყაროები მდებარეობს დედამიწიდან მილიარდობით სინათლის წლის დაშორებით, ამიტომ FRB-ს რამენაირი დეტალური შესწავლა შეუძლებელია.
ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ თითოეული სწრაფი რადიოტალღა არის უნიკალური მოვლენა, რომელიც არასდროს მეორდება. მაგრამ ახლა, როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ციკლური სიგნალი FRB 180916.J0158+65, გაირკვა, რომ სწრაფი რადიოტალღები შეიძლება განმეორებადი იყოს. ამ ციკლური სიგნალის წყარო ოთხი დღის განმავლობაში ყოველ საათში ერთხელ უშვებს ერთ ან ორ ნაკადს, მერე თორმეტი დღე ჩერდება და ამის შემდეგ ციკლი კვლავ იწყებს გამეორებას.
მეცნიერთა ვარაუდით, FRB-ს წყარო არის შავი ხვრელი ვარსკვლავის მსგავსი მასით, რომელიც ბრუნავს სხვა ობიექტის გარშემო. მეორე ვერსიით, სიგნალი პერიოდულად იბლოკება შავი ხვრელის გრავიტაციული ძალების გამო.