თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის ყოფილი მერისა და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევა, განაცხადა უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.
უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც მისი საპატიმროში მოთავსების საფუძველი გახდა. სასამართლოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
„გიგი მოვინახულეთ, ის არის მხნედ. და რაც გააკეთეს თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - რედ.) ამას სტრასბურგის სასამართლოს შეფასება აუცილებლად მიეცემა. ჩვენ ვიმსჯელეთ, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ", – განაცხადა ბასილაიამ.
მისი სიტყვებით, ამ დროისთვის უგულავა სამარტოო საკანში იმყოფება და ბიუროკრატიულ პროცედურებს გადის. მას ნება დართეს წიგნების შეტანის, მალე ბარათს მისცემენ, რომლის გამოყენებასაც საჭიროებისამებრ შეძლებს.
სასჯელის ახალი ვადა უგულავამ 2011-2012 წლებში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მლნ ლარის გაფლანგვისთვის მიიღო. საქმის მასალებით, აღნიშნული თანხა მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორების დაფინანსებაზე დაიხარჯა.
თავიდან უგულავას ბრალი „გაფლანგვის" მუხლით ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, როდესაც 2018 წლის თებერვალში საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომდე მივიდა, მან ბრალდება "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების" მუხლით გადააკვალიფიცირა.
ამ საქმეზე უგულავას 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, რამდენადაც ეს ვადა მან პატიმრობაში გაატარა „ნაცმოძრაობის" აქტივისტებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის საქმეზე, იგი არ დააკავეს, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, მას უკვე მოხდილი ჰქონდა აღნიშნული ვადა.
პროკურატურა საქმის გადაკვალიფიცირებით უკმაყოფილო დარჩა და სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის დეკემბერში უგულავა ისევ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ და სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენი დატოვა ძალაში.
2020 წლის თებერვალში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას საქმეზე და მიიღო გადაწყვეტილება ბრალის გადაკვალიფიცირების („მითვისება-გაფლანგვა“) შესახებ და ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა სხვა საქმეზე აქვს მოხდილი, მას მოსახდელად სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა დაეკისრა.