ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ორშაბათს აღდგა – მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო შეზღუდვები 7 თებერვლიდან იყო დაწესებული. პარასკევიდან ასობით ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის გახსნას დაბა ჟინვალში ელოდებოდა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. "ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.