თბილისში საიუველირო მაღაზიის გაქურდვის საქმე გაიხსნა: ერთი დაკავებულია, სამი იძებნება

ქურდებმა მაღაზიიდან 10,7 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნილია – ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, ხოლო სამი – იდენტიფიცირებული, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულია ადრე ნასამართლევი 35 წლის ზ.ს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 7 თებერვალს სამ თანამზრახველთან ერთად საიუველირო მაღაზია Redberry-ში შეიპარა და მათ 10,7 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.

ქურდობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს - 3 თვეში 24 ბინა...

დამნაშავეები გაქურდვის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მოპარული სამკაულები ამოიღეს.

დადგინდა დანარჩენი ბრალდებულების ვინაობა, მიმდინარეობს მათი ძებნა.

გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის მუხლით. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.