პოლიტოლოგი: ოპოზიციამ უგულავას საქმე ხელისუფლებასთან დიალოგის ჩასაშლელად გამოიყენა

ოპოზიციონერებმა ხელისუფლებასთან დიალოგში ოპტიმიზმი დაკარგეს და ამ მოლაპარაკებიდან გამოსვლის მიზეზი იპოვეს, ფიქრობს ექსპერტი
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილება - ოპოზიციისთვის ხელსაყრელი საბაბია მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების დასასრულებლად. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას აღარ მიუჯდება, ოპოზიციამ ორშაბათს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მიიღო. იგი დამნაშავედ ცნეს 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროში მეორე ვადით მიდის

„თუ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევნებში გამარჯვება და ამისათვის უნდოდათ საარჩევნო სისტემის მათთვის მომგებიან ვარიანტთან მიახლოება, მაშინ რა შუაშია უგულავას თემა. მეჩვენება, რომ მათ ამ საკითხში ოპტიმიზმი დაკარგეს და უფრო იოლი იყო მიზეზის პოვნა და მოლაპარაკებიდან გამოსვლა“, - ფიქრობს საყვარელიძე.

მისი სიტყვებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად აბსოლუტურად წამგებიანია მმართველი პარტიისთვის, რადგან ეს ახალი ძალით განაახლებს ქვეყანაში საპროტესტო განწყობას.

„სიტუაცია ჩამცხრალი იყო. ოპოზიცია ვერ გამოდიოდა რაიმე ინიციატივებით, მას ამის არც საფუძველი ჰქონდა, არც ენერგია. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო განწყობების საბაბი და ენერგია მისცა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

საქართველოში საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების წინადადებით გამოვიდა. შემოთავაზებული სისტემით პარტიას პარლამენტში იმდენი ადგილის მიღება შეუძლია, რამდენსაც პროპორციული სისტემით მოიპოვებს. 

ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი განაცხადა >>

დეკემბერში მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად იყო, დათმობაზე წასულიყო და განეხილა საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის საკითხი, კერძოდ, 150 დეპუტატიდან 100 აერჩიათ პროპორციული სისტემით, ხოლო 50, ნაცვლად არსებული 73-ისა - მაჟორიტარულით.

მხარეებმა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი ჩაატარეს და ბოლო დრომდე მეხუთე რაუნდისთვის ემზადებოდნენ.