ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი განაცხადა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის განაჩენის გამოტანას საქართველოს სხვა პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების პროტესტი მოჰყვა - მათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი განაცხადეს
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ოპოზიცია აღარ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ ერთად. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროში მეორე ვადით მიდის >>

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას მიმართ, რომელიც სასამართლომ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად უგულავამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება, ის დასრულებულია. ვფიქრობდით შეთანხმებაზეც - ეს ყველაფერი დასრულებულია. გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ განაჩენი, რომელიც მას ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მოლაპარაკებები დასრულებულია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

„წყდება ნებისმიერი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები. ჩვენ გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე, რომელიც ივანიშვილსა და მის რეჟიმს წალეკავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

დრო იწურება: საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას მარტამდე უნდა მოელაპარაკოს

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მერობის პერიოდში 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2011-2012 წლებში თბილისის განვითარების ფონდის თანხების გაფლანგვას.

სასამართლომ უგულავას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ის სამ წლამდე და ორ თვემდე შეამცირა ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავამ სამი წელი უკვე გაატარა ციხეში სხვა საქმეზე.

უგულავა სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმროდან 2017 წლის იანვარში გამოვიდა.

საქართველოში საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების წინადადებით გამოვიდა. შემოთავაზებული სისტემით პარტიას პარლამენტში იმდენი ადგილის მიღება შეუძლია, რამდენსაც პროპორციული სისტემით მოიპოვებს. 

დეკემბერში მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად იყო, დათმობაზე წასულიყო და განეხილა საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის საკითხი, კერძოდ, 150 დეპუტატიდან 100 აერჩიათ პროპორციული სისტემით, ხოლო 50, ნაცვლად არსებული 73-ისა - მაჟორიტარულით.

მხარეებმა მოლაპარაკების ოთხი რაუნდი ჩაატარეს და ბოლო დრომდე მეხუთე რაუნდისთვის ემზადებოდნენ.