თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ჩინეთში სპეციალური მობილური დანართი შექმნეს, რომელიც კორონავირუსით დაავადებულთან შესაძლო კონტაქტს ამოწმებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ინფიცირების ეშინია, შეუძლია ამ დანართის მეშვეობით შეამოწმოს, არის თუ არა რეგისტრირებული კორონავირუსი იმ შენობაში, მატარებელში, თვითმფრინავსა თუ ავტობუსში, სადაც მას ყოფნა მოუწია.
აღსანიშნავია, რომ დანართზე წვდომა მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ, გამომდინარე რეგისტრაციის თავისებურებიდან. ადამიანი ასკანერებს სპეციალურ QR კოდს, შემდეგ კი ტელეფონის ნომრით რეგისტრირდება. ამის მერე მომხმარებელი გადის ვერიფიკაციას, ანუ შეჰყავს თავისი ნამდვილი გვარ-სახელი და პირადობის მოწმობის ნომერი. უცხოელებისთვის ამგვარი მექანიზმი ვერ იმუშავებს, ვინაიდან სისტემა მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეების პირადობის მოწმობებს იღებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ იმ ადგილებში, სადაც ის იმყოფებოდა, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია, მიუხედავად იმისა, უვლინდება თუ არა სიმპტომები, ვალდებულია დარჩეს შინ და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სამედიცინო დაწესებულებას.
ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტად მიიჩნევა მასთან ახლო დისტანციაზე დამცავი საშუალებების გარეშე ყოფნა.
ამ დროისათვის ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ, რომელსაც დროებით სახელად NCP ეწოდა, უკვე გადააჭარბა 2012 წლიდან ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომით გარდაცვლილთა რაოდენობას და 908 ადამიანი შეადგინა.