თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროში მეორე ვადით მიდის

როგორც გიგი უგულავამ სასამართლოს განაჩენის მოსმენისას განაცხადა, მას ბარგი ჩალაგებული აქვს და მზად არის, ციხეში წავიდეს
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მერობის პერიოდში 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2011-2012 წლებში თბილისის განვითარების ფონდის თანხების გაფლანგვას.

უგულავას ადვოკატ ბექა ბასილიას თქმით, სასამართლომ უგულავას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ის სამ წლამდე და ორ თვემდე შეამცირა ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავამ სამი წელი უკვე გაატარა ციხეში სხვა საქმეზე.

უგულავა სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმროდან 2017 წლის იანვარში გამოვიდა.

ახალ განაჩენს თბილისის ყოფილმა მერმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მას მშვიდად შეხვდა.

„მე ვაპირებ, დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე ბარნოვის 40-ში, „ევროპული საქართველოს“ ოფისში,  დავემშვიდობო იქ ხალხს და დაგელოდებით მეგობრებო, მობრძანდით. მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი, ყველაფერი მომზადებული მაქვს, ბუნებრივია, ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ყოფილმა ჩინოვნიკებმა სასამართლოში დანაშაული აღიარეს

კომენტარი უგულავამ გააკეთა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. იქვე მივიდნენ მისი ოჯახის წევრებიც. ქალიშვილთან დამშვიდობებისას უგულავამ ცრემლები ვერ შეიკავა.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავა თბილისის განვითარების ფონდის მილიონობით თანხის გაფლანგვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და მას ერთ წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა მაშინ სასამართლომ ყოფილი მერი ციხეში არ გაუშვა, ვინაიდან მას უკვე მოხდილი ჰქონდა წელიწადი, სამი თვე და 22 დღე თბილისის მერიასთან არსებულ კომპანია „თბილსერვის ჯგუფში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის საქმეზე.

ახლა საქმე უკვე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცხრა წლამდე გაზარდა. ეს ვადა არ ფარავს ძველ განაჩენს და უგულავას კვლავ საპატიმროში მოუწევს ჩაჯდომა.

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ციხეში ჩაჯდომა ყველაზე შეუფერებელ მომენტში მოუწევს. როგორც ცნობილია, შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მისი დაპატიმრება სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ოპოზიციის გეგმებზეც. ოპოზიციონერებმა უკვე განაცხადეს უარი საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე.