ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის „დიდ სლემზე" ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრები 17 ძიუდოისტით – 12 მამაკაცითა და 5 ქალით იყო დაკომპლექტებული.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პარიზში გამართული „დიდი სლემის" სერიის ტურნირზე საქართველოსთვის ერთადერთი მედალი საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ძმები დაუპირისპირდნენ

ლიპარტელიანი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, იგი ფინალში (100 კგ-მდე წონით კატეგორიაში) ისრაელის წარმომადგენელ პიტერ პალჩიკთან დამარცხდა.

გადამწყვეტი ბრძოლის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებით დროში კი ლიპარტელიანმა სამი გაფრთხილება მიიღო, რაც ავტომატურად დამარცხებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პარიზში ტურნირი ლიპარტელიანისთვის ერთ-ერთი საყვარელია – ზედიზედ მერვე (!) წელია ქართველი სპორტსმენი საპატიო კვარცხლბეკზე ადის. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე სამი გამარჯვება (2013, 2015, 2019), ორი ვიცე-ჩემპიონობა (2014 და 2020) და სამი ბრინჯაოა (2016, 2017, 2018).

მთლიანობაში პარიზში მიმდინარე „დიდი სლემის" ტურნირზე საქართველო 17 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი – 12 მამაკაცითა და 5 ქალით.