ოქროს მოლოდინი პარიზში და გამარჯვება მადრიდში

მიმდინარე კვირის სპორტული მოვლენებიდან ჩვენთვის საინტერესო ძიუდოში პარიზის გრანდსლემი და ესპანეთში ქართველი მორაგბეების სტუმრობაა.
Sputnik

საფრანგეთის დედაქალაქში ჩვენმა სპორტსმენებმა პირველ დღეს ვერაფრით გაგვახარეს. ყველა ძიუდოისტმა დროზე ადრე დაასრულა გამოსვლა. თუმცა აქაც იყო მცირეოდენი დადებითი მომენტები. მოგეხსენებათ, ეს წლის პირველი გრანდსლემია და ტოკიოს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულებიც თამაშდება. ამ ეტაპზე, ეთერ ლიპარტელიანი, ევროპის კვოტით კი ხვდება ოლიმპიურ თამაშებზე და ცოტაოდენი ქულები აქაც ირგუნა, მაგრამ მისი ნიჭიერებიდან გამომდინარე მეტი გვინდა. პირველ წრეში საკმაოდ უხერხული ფრანგი ვერონიკა მანდენგი კი დაამარცხა, თუმცა მერე თავადაც წააგო ისრაელის წარმომადგენელ ნელსონ ლევისთან. 

52კგ. წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში მონღოლი ხორლოოდოი ბიშრელტი ვაზარით დაამარცხა. მეორე წრეში  კვლავ ვაზარით იმარჯვა, ამჯერად მისი მეტოქე გვინეა ბისაუელი ტაციანა ცესარი იყო. თუმცა, შემდეგ მასპინძელ ანეს მოსდიესთან დათმო და გამოეთიშა შეჯიბრს. ტატიანასაც აქვს შანსი ტოკიოში გაემგზავროს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ შანსია.  

ვაჟებიდან 66კგ.-ში ბექა წიფიანმა ინდოელთან წააგო სუფთად, პირველივე ბრძოლა დათმო 73კგ.-ში თორნიკე გვიჩიანმა, მისი მეტოქე ტურნირის ფავორიტი მასაში ებინუმა გახლდათ და ეს არც არავის გაკვირვებია. კარგად დაიწყო ამავე წონაში ალეკო მამიაშვილმა, მაროკოელი ელ მაზიატი ლამაზად დაამარცხა. ქართველის მომდევნო მეტოქე ფრანგი გილემ ჩაინი იყო, რომელთანაც მამიაშვილმა ჭკვიანურად იჭიდავა და ერთი გდებით მოიგო. მეოთხედფინალისკენ მიმავალ გზად ალეკოს ძლიერი ყაზახი ჟანსად სმაგულოვი დაუპირისპირდა და დამატებითში დამარცხდა. ეს იყო პირველ დღეს ოქროს მოპოვების ქართველთა ბოლო იმედი... 

ამავე წონაში თორნიკე ნაგლიაშვილმა 6 წამში დაანარცხა ჰაიტელი გერარდ კადეტი, შემდეგ კი გაცილებით ძლერ ბრაზილიელ უილიამ ლიმასთან ვერაფერი გააწყო.

დღევანდელი ბრძოლებიდან ჯერ დამარცხებულებზე გესაუბრებით. მარიამ ჭანტურიამ პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ მატნიაზოვასთან, ასევე გამოეთიშა ასპარეზობას გიორგი პაპუნაშვილი 90 კგ. თუმცა მეტოქეც ტიტულოვანი ჰყავდა იაპონელი სანშირო მურაო. ვერაფრით გაგვახარა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი კაციაშვილმა, რომელმაც კორეელ ლისთან წააგო 81კგ.ში. ამავე წონაში, ვლადიმერ ახალკაცმა პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა მერე ამანაც ვერ ივაჟკაცა.

ცალკე მინდა გამოვყო ჭრიკიშვილი. ბევრი ძიუდოისტი ვერ დაიკვეხნის მისი დარი ტიტულებით, თუმცა ეს ქვედა წონაში იყო, 90კგ.-ში გადმოსვლის მერე ვერაფრით ახერხებს მისთვის ჩვეული ლამაზი ჭიდაობის ჩვენებას. აქაც პირველი შეხვედრა შედარებით სუსტ მეტოქესთან ადვილად მოიგო, მაგრამ მერე ყაზახ მეტოქესთან შერკინებისას საქმეში რეფერი ჩაერია და... სულ 2 წუთი გაგრძელდა ეს შეხვედრა, ჭრიკიშვილი გამუდმებით უტევდა, ყაზახი გამწარებული გარბოდა, შუამავალმა მსაჯმა კი სამჯერ (!) ჩვენებური გააფრთხილა და გამარჯვება გაკვირვებულ აზიელს დარჩა.

ვერ დავიჩემებ, რომ დიდი ექსპერტი ვარ ძიუდოში, თუმცა არც უმეცრობა მეთქმის, სამიდან ორი გაფრთხილება აშკარად თითიდან იყო გამოწოვილი. მორიგი უსახელო გამოსვლები ვიხილე მძიმეწონოსნებისგან. სოფიო სომხიშვილის მონაწილეობით არაერთი შეხვედრა მაქვს ნანახი და ამ გოგონას შესრულებით ჯერ ილეთი არ მახსოვს. ერთი წუთის მერე ქანცი აღარ აქვს და გაფრთხილებებსაც ზედიზედ იღებს. ასე იყო ახლაც. დაახლოებით იგივე მინდა გითხრათ ლევან მატიაშვილზე. წონაში კი დაუკლია, მაგრამ სტილი იგივე აქვს- ჯაჯგური, ჰოდა ამ ჯაჯგურში მალევე მიიღო სამი გაფრთხილება და უსახელოდ დაემშვიდობა პარიზს. 

ახლა კი მათ შესახებ ვინც გვასახელა. დავიწყებ ახალგაზრდა მძიმეწონოსან გელა ზაალიშვილით, როგორც არ უნდა დასრულდეს მისი შეხვედრა ნახევარფინალშიფინალში ჰოლანდიელ ჰენკ ჰროლთან, ეს ტურნირი მას წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ. ჯერ იმიტომ, რომ მუდამ ილეთის გაკეთებაზეა ორიენტირებული და აკი სამი მეტოქე ასე ჩამოიტოვა, მათ შორის საკმაოდ ძლიერები ბრაზილიელი დევიდ მოურა და უზბეკი ოლტიბაევი, ხოლო მეოთხედფინალში სახელოვან ჰოლანდიელ როი მეიერთან უმძიმეს ბრძოლაში ოქროს დროში ლამაზი ილეთით მოიგო. მეორეც იმიტომ, რომ ამ წონისთვის უჩვეულოდ აქტიურად ჭიდაობს და არავის ეპუება. ნახევარ ფინალში გელა აშკარად ძალზე გადაღლილი ჩანდა და გაფრთხილებებით დამარცხდა. საერთოდაც, ხშირად აფრთხილებენ, ეს გამოუცდელობის ბრალია, იმედია ამასაც გამოასწორებს, ახლა კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს რუს ინალ ტასოევთან. 

სანამ კიდევ ერთ სასიამოვნოს გეტყვით, ერთ სენსაციაზე უნდა გიამბოთ; ტედი რინერის სახელი სპორტის ამ სახეობის მოყვარულებისთვის ბევრზე ბევრს ნიშნავს. და აი, ამ ბეჭდაუდებელმა ფალავანმა, ბოლოს 9 წლის წინ წააგო  იაპონელ  კამიკავასთან(ერთხელ ჩვენმა ლაშა გუჯეჯიანმაც მოუგო), დღეს ისევ იაპონელ კოკორო კაგეურასთან დამარცხდა ოქროს დროში. 

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში ისე გავიდა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. ვარლამი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და  ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანს შეხვდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოუგო, თუმცა ამ ახალგაზრდა ყმაწვილმა ძალიან მოუმატა და წონის ერთერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ვარლამმა ეს შეხვედრაც უნაკლოდ ჩაატარა. თავიდან, ორჯერ კი გააფრთხილეს, მაგრამ მალე თითქოს რუს-სომეხმა შებოჭვაზე დაიჭირა, მაგრამ  საოცარი ილეთით გამოუძვრა,  იქით შებოჭა მეტოქე და სუფთა გამარჯვებით ფინალში გავიდა, სადაც ძველ ნაცნობ ებრაელ პეტერ პალტნიკს დაუპირისპირდება.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ბორჯღალოსნები ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. პირინეელები სამართლიანად ითვლებიან ჩვენი ნაკრების მთავარ მეტოქედ რაგბის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში. მას შემდეგ რაც რუმინელებმა პორტუგალიასთანაც წააგეს, შესაძლოა, წლევანდელი ჩემპიონის ბედიც მადრიდულ შეხვედრაში გადაწყდეს. ესპანელებმა პირველ ტურში ბონუს ქულით რუსეთი დაამარცხეს და ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ.

პირველ ნახევარში ქართველები დომინირებდნენ სამი ლელოც ვიხილეთ მათი შესრულებით (შალვა მამუკაშვილი-2, აკაკი ტაბუცაძე-1). მეორე ნახევარში ესპანელებმა საგრძნობლად მოუმატეს, ბურთსაც უფრო ხშირად ფლობდნენ, ძირითადად დაცვაში ყოფნა გვიწევდა. პირინეელები მეტს გვიტევდნენ, 65-ე წუთზე მიშა გაჩეჩილაძე გაგვიძევეს, თუმცა ჩვენებმა შეძლეს თავის დაცვა. უკვე მსაჯის მიერ გაწითლებულ დროში, ესპანელების მიძალებამ თავისი გაიტა, ლელო დაგვიდეს და ისე გაიხარეს გეგონება თამაში მოეგოთ. საბოლოოდ გავიმარჯვეთ 23:10 და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ.