16 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბიძაშვილები, 17 და 19 წლის ახალგაზრდები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით მიხედვით,  ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ 16 წლის გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.