საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება - მოსალოდნელია ძლიერი ქარი და თოვა
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს გზებზე ლიპყინულის, დიდთოვლობისა და ცუდი ხილვადობის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.

კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აღდგა. ამ დროისთვის, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში შტორმია, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება

კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგა. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შეზღუდვა რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198-ე კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, 30-186-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის 1-30-ე კმ (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოში უამინდობაა. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო მთელ რიგ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.