სამცხე-ჯავახეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს ოთხ მამაკაცს
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულები 29 წლის ახალგაზრდები არიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.