ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში შტორმია, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება - მოსალოდნელია ძლიერი ქარი და თოვა
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6-ბალიანი შტორმია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 თებერვალს

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 11 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს, აღნიშნავენ უწყებაში.